saqarTvelos mRvimeebi - gimowiorilis mRvime
კარსტული მღვიმე მარტვილის მუნიციპალიტეტში. სოფ. ჭაბურთაში, ნახუნავოს თემი. მდინარე ისკიას სათავე.
გიმოწიორილის გამოქვაბული
სოფელს ჭაბურთას შუაზე ჰყოფს მდინარე ისკია, რომლის სათავეშიც არის „გიმოწიორილის” კარსტული მღვიმე. მღვიმე შედგება ორი ოთახისგან, რომლებიც ხელოვნურადაა შექმნილი.
"მღვიმეს ორი შესასვლელი აქვს. პირველიდან, რომელიც ძალიან დაბალია და კაცი ძლივსძლივობით თუ გაეტევა, ისკიას წყალი გამოდის, მეორე შესავალი მშრალია და ვიწრო. პირველი შესავლის, კედლის ხელოვნურ კაუჭზე, თოკი გამოვაბით და მე (სოსო ათათია), გოშა ფარულავა და გიორგი ცანავა დარბაზში შევედით. წყალი ყინულივით ცივია.დაახლოებით 15 მეტრის გავლის შემდეგ გამოჭრილ კედელს ვხედავთ, რომელიც დაახლოებით 30-40 სმ-ით წინ არის გამოწეული. წინსვლა შესაძლებელია."
არის ვარაუდი რომ კედლები მექანიკურად მოძრაობდა. ამის შემდეგ კიდევ ერთი კედელია და აქ მღვიმე ვიწროვდება და გზა აღმოსავლეთით მიემართება. წყალსა და გამოჭრილ კედელს შორის ცურვით წინსვლა შეიძლება, თუმცა სივიწროვის გამო ძნელია. ამავე კედელზე ოვალური ფორმის ჭრილიცაა, ეს ჭრილი ჩრდილოეთისკენ მიდის, შემდეგ გამოჭრილი ვიწროვდება. გიმოწიორილიდან გამოსვლის შემდეგ ავედით მიმდებარე მთაზე - ნოსკია, სადაც ჭაბურღილი გვეგულებოდა. ჩვენ თოკების დახმარებით ჩავედით ჭაბურღილში ყელში, რომელმაც დარბაზში გაგვიყვანა. აქ შეგვხვდა დიდი რაოდენობით სტალაგმიტები, აქვე ვნახეთ შუაზე გადაჭრილი ჭური, რომელსაც უამრავი ნახვრეტი ჰქონდა.
დარბაზი მაღალ ყელიანია: სიგრძე 8 მეტრი, სიგანე 15 მეტრამდე იქნება. სიმაღლე 4 მეტრს აღწევს. დარბაზის კედლებს, ორივე მხრიდან ქვესკნელი აქვს. მე, თოკების დახმარებით ჩავედი მარჯვენა ქვესკნელში, დაახლოებით 5 მეტრამდე და დავინახე ჭრილი, გზა რომელიც გიმოწიორილისკენ მიემართება და სავარაუდოდ უერთდება კიდეც მღვიმეს. დარბაზის მარცხენა მხარეს ვნახეთ გამოჭრილი ოთახი, სადაც ზუსტად მართკუთხა პარალელიპედის ფორმის ქვას გადავაწყდით. სავარაუდოა რომ სალოცავად გამოიყენებოდა.
"მთაზე უამრავი ჭაა, ყველა ხელოვნურადაა დახურული. იმავე მთაზე, „ნაბეხუ”ს მიდამოში, გზის გაფართოების დროს გამოჩნდა კედელი. ჭიდან ამოსვლის შემდეგ სწორედ ამ „ნიშნიან კედელთან” გადავინაცვლეთ. კედელზე უცნობი წარწერები იყო."
მარტვილის მუზეუმის სამეცნიერო ექსპედიციების დღიურებიდან
საინტერესო იყო ჩვენი ექსპედიციების მუშაობაში ნახუნავოსა და წაჩხურუში მღვიმეთა დათვალიერება იყო. რამდენადაც შევძელით გაგვერკვია, ეს მღვიმეები 1960 წელს ავტორთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ, საქართველოს მღვიმეთა კადასტრში არ არის შეტანილი. ჩვენ შევძელით მღვიმეებში შესვლა და ფოტოგრაფირება.
ნახუნავოში ისკიას სათავეს, სადაც მღვიმე მდებარეობს „გიმოწიორილს” ეძახიან. მღვიმესაც იგივე სახელწოდებით მოიხსენიებენ. ამ სიტყვის ზუსტი ქართული შესატყვისის მოძებნა ცოტათი ძნელია. „წიორია ძღაბი” - არსებობს ასეთი გამოთქმა, რომელსაც წერწეტ, მოქნილად მოძრავი ქალიშვილის დასახასიათებლად იყენებენ. მღვიმიდან გამოსული წყლის ნაკადი (მდინარე ისკია) ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული ხეობით ეშვება დაბლა, შესაძლოა, ამიტომაც ეძახიან „გიმოწიორილს”, ვიწროდ მავალს.
ხსენებული მღვიმის შესახებ ცნობები ამ სოფლის მკვიდრმა სოსო ათათიამ, მოგვაწოდა, რომელიც მღვიმეში არაერთგზის შესულა და გიმოწიორილის საოცარი სამყაროც უნახავს. ჩვენც დავინტერესდით...
გიმოწიორილი კარსტული მღვიმე აღმოჩნდა, საიდანაც მდინარე ისკია იღებს სათავეს. სათავესთან და შიგნითაც წყალი საოცრად სუფთა და ანკარაა, და როგორც ადგილობრივები ამბობენ, სამკურნალო თვისებებით ხასიათდება, კურნავს შაკიკს. ხშირი წვიმებისას ისკია დიდდება და მღვიმიდან ხმაურით გამოედინება. იქვე იკვლევს გზას ქვემოთ, დასავლეთისკენ და ქმნის ისკიას ხეობას.
მღვიმე, სოფლის ჩრდილოეთით ორიოდ კილომეტრში მდებარეობს. მისადგომად ადვილია. შესასვლელი ორად იყოფა. მარხენა მხარე, საიდანაც წყლის ნაკადი მუდმივად გამოდის, დაბალია. შევედით შედარებით მშრალი, მარჯვენა შესასვლელიდან. გავლა ვიწრო, გლუვზედაპირიან კედლებს შორის ძალიან გაჭირდა. კედლები, მალე ქვედა ნაწილით ისე დაუახლოვდა ერთმანეთს, ვიწრო და ღმრა დერეფანი შექმნეს. წყლიან არხში ფეხის ჩადგმა შეუძლებელი იყო. გავლა კედელ-კედელ, იქეთ-აქეთ ფეხმიბჯენილებმა ძლივს მოვახერხეთთ. ამ ვიწრო გასასვლელიდან, ფართო ლოდებიან დარბაზში მოვხვდით, რომლის სიმაღლე ≥ი ჩანდა. ნიმუში წამოვიღეთ, გაშრობის შემდეგ ნარინჯისფერი გაქრა და ქვაზე ნაცრისფერი ლაქები დარჩა. დარბაზში მრავალი სტალაგმიტი აღმოვაჩინეთ. ამის შემდეგ სავალი არე იმდენად დავიწროვდა, რომ ექსპედიციის ბევრი მონაწილე ადგილობრივ მკვიდრთაგან, იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო.
მღვიმეში ძნელი გზებით, დაახლოებით 150-160 მეტრი გავიარეთ და გაშლილ სიღრუეში, სტალაქტიტებიან და სტალაგმიტებიან დარბაზში აღმოვჩნდით. რის შემდეგაც გზა ჩაიკეტა, თუმცა სამი მიმართულებით ძალიან დაბალი გასასვლელები, ხვრელები ჩანდა. როგორც მეგზურმა (სოსო ათათია) გვითხრა, მღვიმე იქეთაც გრძელდებოდა, მაგრამ გზის გაგრძელება ასე მოუმზადებლად, სარისკო გვეჩვენა.
მღვიმე სველია, მასში გამდინარე წყალი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სუფთაა და ანკარა და არ იმღვრევა, განსხვავებით წაჩხურუს მღვიმისგან, რომელიც გზადაზა, ჭებთან წყლის ნაკადებთან ერთად, ტალახიანი წყლებიც გვხდებოდა.